„ლართან დაკავშირებით ასეთი მკვეთრი, ნახტომისებული რყევების მომხრე არ ვარ,“ - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
კოვზანაძემ ლარის ჯერ ბოლოდროინდელ გამყარებას და შემდეგ გაუფასურებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, რადგან სებ-ის პოზიცია ამ საკითხზე არის, რომ მოკლევადიან რყევებზე ის კომენტარს არ აკეთებს.
„უახლოეს პერიოდში, დღეებში პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა გველოდება. ეს იქნება საკომიტეტო მოსმენა, სადაც ველოდებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვფიქრობ, ლარის კურსი იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ეროვნული ბანკი ტრადიციულად ამბობს, რომ მოკლევადიან რყევებზე ის კომენტარს არ აკეთებს. მისი მანდატი არის ინფლაციის დაჭერა. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გახლავთ, რომ არ ვარ მომხრე ასეთი მკვეთრი ნახტომისებული რყევების ლართან დაკავშირებით, როგორც დევალვაციის, ასევე რევალვაციის. სებ-ს კი აქვს ის პოზიცია, რაც უკვე მოგახსენეთ. თუმცა, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და თუ ვინმე უფრთხილდება მის დამოუკიდებლობას - ვუფრთხილდებით ჩვენ,“- აღნიშნა კოვზანაძემ.
ირაკლი კოვზანაძემ ასევე ისაუბრა ინფლაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი სწორედ ინფლაციაა.
„დღეს ინფლაცია 12.8%-ია, მიზნობრივი მაჩვენებელი კი ეროვნულ ბანკს 3% აქვს დადგენილი. ანუ არსებული მაჩვენებელი მიზნობრივს ჯერადად აღემატება და ეს ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეეხება განმაპირობებელ ფაქტორებს, ინფლაციაზე გავლენას ახდენს: გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა, რუსეთ-უკრაინის ომი, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა და ლარის კურსი.
ბოლო 2 დღეს თუ არ ავიღებთ, ლარის გამყარების ტენდენცია გვქონდა, რაც გარკვეულ პერიოდში გავლენას მოახდენდა ფასებზეც. ასევე მოგეხსენებათ, რომ გვაქვს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსის შენარჩუნება გარვეულ გავლენას მოახდენდა, რომ ინფლაციური პროცესები ქვემოთ წასულიყო.
ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია კონკურენციის ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაცია. რადგან კომპლექსში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ლარის კურსი და ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდენს გავლენას, რომ ინფლაცია შემცირდეს.
ინფლაცია არის ცენტრალური ბანკის მანდატი, მაგრამ მას სჭირდება დახმარება სხვა მიმართულებებით - ეს არის ბაზრების დივერსიფიკაცია, კონკურენციის გაზრდა. ამ კუთხით უკვე სხვა სამინისტროების როლი იკვეთება და კომპლექსური მუშაობაა საჭირო,“-განაცხადა კოვზანაძემ.
