ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა და ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა, არსებითად გაზარდონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება კიევისთვის და გააფართოვონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ნატო-ს ქვეყნების 200-ზე მეტმა დეპუტატმა ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია სახელწოდებით : Standing with Ukraine, რომელიც რუსეთის ომს გმობს.
„რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის დემოკრატია, დააშინოს სხვა სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნები და ძირი გამოუთხაროს ნატოსა და მთელი დემოკრატიული, ცივილიზებული და მშვიდობიანი სამყაროსთვის ფუნდამენტურ ღირებულებებს“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტი ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ სანქციები, მათ შორის ენერგორესურების იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტით, სანამ რუსეთი არ გაიყვანს ჯარს მთელი უკრაინიდან.
„მოკავშირეებმა არსებითად უნდა გაზარდონ ინფორმაციის გაზიარების დონე და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, განსაკუთრებით საზენიტო, საარტილერიო, საბრძოლო მასალა, რაკეტსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები, რაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დეკლარაცია, რომელიც პოლონელმა კანონმდებელმა, მიხალ შცერბამ წარადგინა, მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება; მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, რომლის თანახმადაც რუსეთისა და ბელარუსის ხელმძღვანელებმა საერთაშორისო სამართლის წინაშე პასუხი უნდა აგონ და შეთანხმდნენ უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე.
