„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის განცხადებით, 19 მაისს, კახეთში, სეტყვასაშიში ღრუბელი წარმოიქმნა და რეაგირების შედეგად, მისი განეიტრალება განხორციელდა.
დეპარტამენტის ცნობით, ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესის განეიტრალების შედეგად, კახეთის არც ერთი მუნიციპალიტეტი არ დასეტყვილა.
„19 მაისს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთიდან ცივი ატმოსფერული ფრონტი შემოიჭრა, რამაც სეტყვასაშიში ღრუბლის წარმოქმნა გამოიწვია. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 33 მმ იყო.
„დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროული რეაგირების შედეგად, ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი განეიტრალდა.
„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
