პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა და მისთვის უცნობია, მის გარდა რომელ ქართველ კოლეგას ესაუბრა კარასინი.
„ბატონმა კარასინმა ჩვენი საუბრის დროს მოკლე კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. მან ასევე თქვა, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში ჩართული არ არის. მოგეხსენებათ, რომ ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ეს დღის წესრიგში არ დგას და ჩვენ ვთვლით, რომ ახლა, ამის დრო არ არის. საავიაციო რეისების აღდგენის საკითხი არ განხილულა. მოკლედ განვიხილეთ საკითხი ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. რუსეთის მხარეს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ისინი ვერ ატარებენ სატვირთო ავტომობილების საჭირო რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა, მათ შორის, სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან რუსეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ შეძლებისდაგვარად მიიღებს ზომებს ამ ვითარების დასარეგულირებლად. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
(ipn)
