საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, 19 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში წერია, რომ მათემატიკის საგნობრივ ჯგუფში სავალდებულო საგნად ჭადრაკი ჩაიწერა, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა სკოლაში მისი სწავლება შეუძლებელი იქნება.
ჭადრაკი სავალდებულოდ სკოლის საათობრივ ბადეში 2022 წლის სექტემბრიდან უნდა დაემატოს.
"მოსწავლეების ანალიტიკური, ლოგიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშესაწყობად, სისტემური და სტრატეგიული აზროვნების გასაძლიერებლად, მათი ემოციურ-სოციალურ-კოგნიტური განვითარების, ასევე ევროპარლამენტის 2012 წლის ევროკავშირის საგანმანათლებლო სისტემებში პროგრამის – "ჭადრაკი სკოლაში" – დანერგვის შესახებ დეკლარაციის გათვალისწინების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატოს ჭადრაკი", – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.
ახალი ბრძანების საფუძველზე, ჭადრაკი I კლასელებმა უნდა ისწავლონ, "რათა მოსწავლემ შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში", თუმცა ბრძანებაშივე ვკითხულობთ, რომ I კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში იქნება სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.
როგორ უნდა განაწილდეს საათობრივ ბადეში აღნიშნული ცვლილებები, რომელიც ეხება როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებს, შეგიძლიათ, იხილოთ ბრძანებაში.
მინისტრის ახალ ბრძანებაში ასევე შენიშვნაა გაკეთებული საგნის, "კომპიუტერული ტექნოლოგიები" სავალდებულოდ სწავლების შესახებ:
"II, III და IV კლასებში საგანი "კომპიუტერული ტექნოლოგიები" 1-საათიანი კვირეული დატვირთვით სკოლებს შეუძლიათ დაიმატონ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საგანი ხდება სავალდებულო".
(inforustavi)
