„ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი,“ - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. მისივე თქმით, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა.
„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, დაახლოებით 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“,- აცხადებს სილაგავა.
მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ.
„თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა.
.jpg)