"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით გამართული საპროტესტო დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობასა და უფლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობაზე.
SJC წერს, რომ საპოლიციო ძალა სულ უფრო ხშირად გვევლინება პროცესების მართვის წამყვან მექანიზმად, როგორც პოლიტიკური კრიზისების დროს, ისე სხვადასხვა სოციალურ საკითხთან დაკავშირებულ კონფლიქტებში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, როცა მათი შეფასებით, ვნახეთ, პოლიციის უმოქმედობა, ხელისუფლების მხრიდან დაშვება და ირიბად ძალადობრივი ქმედებების წახალისება. ასევე, მეორე მხრივ, "ნამოხვანის" პროტესტის მიმდინარეობისას SJC-ს შეფასებით, ხელისუფლება ხისტი და რეპრესიული მეთოდებით ცდილობდა, ჭარბი საპოლიციო ძალით ფიზიკური ბარიერები შეექმნა და ხელი შეეშალა რიონის ხეობის მცველების ლეგიტიმური, მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტისთვის.
"ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრაციებს ყველა ჯერზე მხოლოდ საპოლიციო ძალებით პასუხობდა, რა დროსაც უგულებელყოფილი გახლდათ პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული გზები. განსაკუთრებით მწვავე იყო 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლება არ აღმოჩნდა მშვიდობიანი გამოხატვის, ადამიანის ღირსების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის უფლების დაცვის მხარეს. მეტიც, მან დაუშვა და ირიბად წაახალისა ძალადობრივი მოქმედებები. აღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი და ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღემდე არ დამდგარა.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა სამართალდამცავი სისტემის მოქმედებებისა და სტრატეგიების სისტემური ხარვეზები, რაც საბოლოოდ, დემონსტრანტების მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაციის შეზღუდვისა და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა გახდა", - წერია ანგარიშში.
ორგანიზაციის შეფასებით, ბუნდოვანი და ადამიანის უფლებების სტანდარტებისგან დაშორებული კანონმდებლობა, სამართალდამცავი ორგანოების დაბალი ანგარიშვალდებულება და არაეფექტიანი სასამართლო კონტროლი, მთლიანობაში ქმნის ფართო არეალს საპოლიციო თვითნებობისთვის და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვისთვის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება გატარდა, რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა საპოლიციო თვითნებობის არეალი და მოქალაქეთა უფლებების დარღვევის რისკები.
(mtavari)
