„ბევრი კომპანია ჯერ კიდევ რუსეთისკენ იყურება და ახალ სარეალიზაციო არხებს ეძებს რუსეთის ბაზარზე“,- ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტმა გიორგი გუდაბანძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს და ჯერჯერობით არ იკვეთება ტენდენცია, რომ უარს თავად ქართული კომპანიები ამბობენ.
ცნობისთვის, ქართული წარმოების პროდუქციის რუსეთში ექსპორტი ბოლო 7 წლის მინიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში აღნიშნულ ქვეყანაში 14,482 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა, რაც ბოლო 7 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, საქართველოდან ადგილობრივმა ექსპორტმა 35,084 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ზოგადად იმდენად დიდი კრიზისია მსოფლიოში, ვაჭრობის, თუ საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით, რომ ამან გარკვეული პროცესები გაართულა. მათ შორის, ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება, ძალიან არის გაძვირებული. შეიძლება დიდი კომპანიები, რომლებსაც მუდმივი, სტაბილური ტრანზაქციები და გადაზიდვები ჰქონდათ რუსეთთან, არ დგანან ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ მცირე და საშულო კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ რუსეთთან ექსპორტი და მანამდე ახორციელებდნენ, ძალიან მწვავედ დგანან აღნიშული პრობლემის წინაშე. ესეც ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს იმისა, რომ ტრანსპორტირება გაძვირდა და ვიღაცამ პროდუქცია ვერ გააგზავნა.
გარდა ამისა, რუსეთი განვითრებული სამყაროსგან ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული, შესაბამისად, სანქცირებული ბიზნესმენები და კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, იმდენ შეკვეთას ვერ აკეთებენ, რამდენსაც წინა წლებში. ეს კი თავისთავად აისახა რუსეთში იმპორტზე, მათ შორის, საქართველოდან და არა მხოლოდ.
ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის შემცირება მსგავსი რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. სხვა მხრივ, ვერ ვიტყოდი გადაჭრით, რომ საქართველოდან ვინმემ თავად თქვა უარი რუსეთში ექსპორტზე და იმიტომ მოხდა ეს. ამას შემდეგი თვეების სტატისტიკა გვაჩვენებს. გაგრძელდება თუ არა შემცირება და ა.შ. თორემ, ახლანდელი მოცემულობით, ბევრი კომპანია ჯერ კიდევ რუსეთისკენ იყურება და ახალ სარეალიზაციო არხებს ეძებს რუსეთის ბაზარზე. შესაბამისად, არც ისე კარგი ვითარებაა ამ მიმართულებით“,- განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.
(bpn)
