2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში ფქვილის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12-ჯერ გაიზარდა. (2021 წლის 3 თვეში რუსეთიდან იმპორტირებული იქნა 847,9 ათასი დოლარის ღირებულების ფქვილი, 2022 წლის 3 თვეში - 10,146 მლნ დოლარის) თუმცა, შემცირდა იმ კომპანიების რიცხვი, რომელთაც რუსეთიდან აღნიშნული პროდუქტი შემოაქვს. ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა იმპორტიორმა ,,მარდმა“ საქმიანობა შეაჩერა. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი ნუგზარ ღონიაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მათ ერთი თვეა საქმიანობა შეაჩერეს, რადგან პროდუქტს ლიკვიდურ ფასში ვერ ყიდულობდნენ.
„ბოლო ერთი თვეა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი შევწყვიტე. იმედი მაქვს, რომ დროებით. დეტალურად მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ რომ გითხრათ, ლიკვიდურ ფასში ვეღარ ვშოულობ პროდუქციას და ეს არის მთავარი მიზეზი.
სანამ შემოტანას შევაჩერებდი, პრობლემები ნამდვილად იყო რიგთან დაკავშირებით ლარსის საბაჟოზე. როგორც ვიცი, ეს მდგომარეობა ისევ ასე რჩება. ამბობენ, რომ რუსები ნელა მუშაობენ. ეს სპეციალურად ხდება, თუ არა, რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის დაზუსტებით.
რაც შეეხება გადახდის სისტემას, რუბლის ექვივალენტში ხდებოდა და ხდება ანგარიშსწორება, მაგრამ არ არის მკაცრი მოთხოვნა, რომ მაინცდამაინც მათ ვალუტაში. იღებენ დოლარს და ევროსაც. იშვიათად, ვინმემ მაინცდამაინც რუბლი მოითხოვოს“, - ამბობს ღონიაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ფქვილის იმპორტიორ ტოპ-10 კომპანიას შორის გასულ წელს კომპანია ,,მარდიც“ იყო. „მარდი“ 2011 წლის 30 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის 50% ვასილ ვასაძეს, 50% კი ნუგზარ ღონიაშვილს ეკუთვნის. 2019 წლის 25 იანვრამდე, კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი ნუგზარ ღონიაშვილი იყო.
(bpn)
