„თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს.
30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს.
მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ სადგურში სახელწოდებით ,,ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება,“- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 30 აპრილიდან კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს. ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს. რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. ამასთან, მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს.
