როგორც მარიუპოლშია ხალხი დაპატიმრებული და არ უშვებენ, არ აძლევენ საშუალებას რუსი ჯარისკაცები, რომ მშვიდობიანი ადამიანები გამოვიდნენ, ანალოგიურად არის დაპატიმრებული დღეს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, მიზანმიმართულად ხდება მიხეილ სააკაშვილის ინვალიდიზაცია.
„მიზანმიმართულად ხდება ადამიანის ინვალიდიზაცია, რომელიც დღეს პუტინის ჩვეულებრივი ტყვეა. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ასრულებენ იმ დირექტივებს, რომელიც მოდის კრემლიდან. შესაბამისად, თვითნებური გადაწყვეტილება, რომ მოდი, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ და არ უნდა იყოს ეს ადამიანი ციხეში, ამის დამოუკიდებლად გაკეთება „ქართული ოცნებისთვის“ არის ძალიან დიდი პრობლემა.
მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულად პუტინის ტყვე და დირექტივას ასრულებს ქართული ხელისუფლება, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელი არ გამოვიდეს ციხიდან. როგორც მარიუპოლში დაპატიმრებულია ხალხი და არ უშვებენ, არ აძლევენ საშუალებას რუსი ჯარისკაცები, რომ მშვიდობიანი ადამიანები გამოვიდნენ, ანალოგიურად არის დაპატიმრებული დღეს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არ აქვს საშუალება ადეკვატურად მიიღოს ჯანმრთელობისთვის საჭირო მომსახურებები“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
გადაცემაში ბაჩო დოლიძემ ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, აღნიშნული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
„ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. მსგავსი ტიპის დირექტივების მიცემა, რომ შენ წახვალ და ჩვენი პრემიერი შეგხვდება, პატარა ბიჭია და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც ჩვენ ვიხილეთ და რაც ჩვენ მოვისმინეთ, მდაბიო კომპანიებში არ ხდება მსგავსი ტიპის დამოკიდებულება უფროსებსა და მათ ქვეშევრდომებს შორის. ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში გვყავს ასეთი ხელისუფლება, სადაც ფარდის უკან შესაძლებელია მსგავსი ტიპის დირექტივებით ისაუბრონ, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. მე ერთ რამეში დავრწმუნდი, ბიძინა ივანიშვილის პირობებში ერთი მეტრითაც ვერ წაიწევა ეს ქვეყანა სამწუხაროდ წინ, ეს არის რეალობა. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის გამარჯვება პუტინზე. როგორც კი პუტინი წააგებს უკრაინაში, ეს იმას ნიშნავს, რომ წააგებს ყველა მისი ოლიგარქატი, მათ შორის საქართველოშიც“- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
IPN.ge
