ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-ისთვის, მისაღებია მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. ხოლო გამოკითხულთა 37%-ის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება არ შეუერთდეს რუსეთის წინააღდმეგ ეკონომიკურ სანქციებს მიუღებელია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 85% ფიქრობს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდი საფრთხეა. 7%-ის აზრით, მცირე საფრთხეა, ხოლო 4%-ის აზრით, საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს.
რაც შეეხება კითხვას: საქართველომ უნდა გააღრმაოს თუ არა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, მხოლოდ 25 % მიიჩნევს, რომ ეს უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 53 %-ს ჰქონდა. ამასთან, რესპონდენტთა 39% ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს, მაშინ, როცა ომამდე ასე 23% ფიქრობდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67%-ის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია. 5%-ის აზრით კი უკრაინის. 11% ფიქრობს, რომ ომში პუტინია დამნაშავე, ხოლო 9%-ის აზრით, ომი აშშ-ის ბრალია.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%
საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
IPN.ge
