საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს კითხვარს 11 აპრილს გადასცემენ.
„მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში ხალისითა და მონდომებით“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე”.
(lpn)
