როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აღიარებს პროკურატურას და სასამართლოს, თავისი საქმის მოსამართლეს და პროკურორებს კორექტული საქციელისთვის მადლობას უხდის.
„მინდა პროკურორებს ვუთხრა მადლობა ძალიან კორექტული საქციელისთვის და ასევე მოსამართლესაც. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაღიარებ ამ პირობებში არც სასამართლოს და არც პროკურატურას, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გამოადგება მომავალ საქართველოს“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. სხდომაზე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც მან სასამართლო დარბაზი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
(lpn)
