არცერთ სახელისუფლებლო პირს არ უთქვამს, რომ არ დაუშვებენ საქართველო იქცეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალებად და ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც ამას შეეცდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას გამოეხმაურა.
გიგა ბოკერიას შეფასებით, პრემიერის მხრიდან მხოლოდ ერთადერთი განცხადება ისმის, რომ ეროვნულ ინტერესებზე წინ არაფერს დავაყენებთ და სანქციებს არ შევუერთდებით.
„არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს. როდესაც უკრაინის დაზვერვის მხრიდან ასეთი საგანგაშო ინფორმაცია გახდა ცნობილი, ერთი განცხადება მაინც თუ არის საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომ ისინი არ დაუშვებენ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობად იქცეს.
ვინმემ თქვა, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა, არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყანა იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად? მე არ მომისმენია ასეთი განცხადება. ან, მეორე განცხადება, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც რუსეთს დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ასეთი განცხადებების ნაცვლად, ჩვენ გვესმის ღარიბაშვილის მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე წინ არაფერს არ დავაყენებთ და სანქციებს არ შევუერთდებითო, რაც ირიბად არის დაპატიჟება, რომ სანქციების დარღვევის შესაძლებლობა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.
IPN.ge
