ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე,- ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
ლიეტუვის საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.
„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.
ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.
ამასთან, როგორც ე.წა. პრეზიადენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ გაიმართება.
IPN.ge
