ზეთის ღირებულება ბოლო 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა - ამის შესახებ, ზეთის იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძველი დაკონტრაქტებული ფასებია, სიტუაცია კი ძალიან არასტაბილურია და ფასების კიდევ მეტად ზრდა გამორიცხული არ არის.
„მეტეოროლოგიური პირობების გამო გადმოზიდვის გართულებას თუ არ ჩავთვლით, იმპორტის პროცესი გართულებული ნამდვილად არ არის, მაგრამ ლარსის ამ შეფერხებამ ცხადია ფასზე იმოქმედა. თვითონ პროდუქტის ღირებულება კი, 10-15%-ით არის გაზრდილი, ომის დაწყებამდე პერიოდს თუ შევადარებთ. მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უკვე დაკონტრაქტებულია. ამ წუთას ვერაფერს გვეუბნებიან მწარმოებლები, რა შეიძლება იყოს ხვალ, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ფასს.
საუბარია იმაზეც, რომ გეგმავენ კვოტების დაწესებას, თუ რა მოცულობის პროდუქტის გამოტანა იქნება შესაძლებელი. ასევე, მოგეხსენებათ, არსებობს მცურავი საბაჟო გადასახადი, რომელიც უფრო და უფრო მეტად იზრდება სეზონის დასრულებასთან ერთად“, - აცხადებს დიმიტრი რამიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე თქმით, ბაზრების დივერსიფიცირება ფასებზე მკვეთრად გაზრდის.
,,რეალობა ახლა ასეთია, რომ რუსეთის ბაზარი არ არის სტაბილური და არ ვიცით რა იქნება თუნდაც ხვალ, მაგრამ ალტერნატიული ბაზრების მოძიება არა ნაკლებ რთულია. ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი არგენტინაა, მაგრამ იქედან იმპორტი გარდა იმისა, რომ მაღალი ფასი დაჯდება, სულ სხვა პარტიებზეა საუბარი. უნდა მოხდეს გადმოზიდვა ტანკერით, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპანიამ ერთად უნდა ჩამოიტანოს, უნდა მოხდეს შეხიდება. ძალიან დიდ პარტიებზეა საუბარი. ევროპის ქვეყნებიდან კი, გარდა იმისა, რომ ლოგისტიკა რუსეთზე გაცილებით ძვირი ჯდება, თვითღირებულებაც ბევრად მეტია რუსულ ზეთს თუ შევადარებთ“, - ამბობს რამიშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველო რუსულ ზეთზე 76.7%-ით არის დამოკიდებული. ქვეყანაში ბოლო 2 თვეში 1.9 ათასი ტონა (2.9 მლნ დოლარის) მზესუმზირის ზეთია იმპორტირებული, საიდანაც 1.4 ათასი ტონა (2.1 მლნ რუსეთიდან) რუსეთიდან შემოვიდა. ამავე პერიოდში, საქართველომ უკრაინისგან 461 ათასი დოლარის 239.2 ტონა მზესუმზირას ზეთის იყიდა. ამის პარალელურად კი, რუსეთიდან გადაზიდვები რთულდება. ხოლო, ზეთის იმპორტი უკრაინიდან გაჩერებულია.
(bpn)
