როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინფლაციის ზრდას ხელი უკრაინაში მიმდინარე ომმა შეუწყო.
„ზოგადად, ინფლაციური წნეხი ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევაა დღეს ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. გვესმის, რომ მიწოდების შეფერხებიდან გამომდინარე, ინფლაცია ომიდან მომდინარეობს. მსგავსი შინაარსისაა, როგორც პანდემიის პირობებში იყო, როდესაც მიწოდების ჯაჭვების წყვეტა ხდებოდა. იგივე გამოიწვია ომმა და ომიდან მომდინარე, შესაბამისმა სანქციებმაც. ძირითადად, დეფიციტურობამ განაპირობა ინფლაციის ზრდა. საკმაოდ მაღალი ინფლაციაა ყველა ქვეყანაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება ენერგომატარებლებს, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო მიუხედავად იმისა, რომ არ არის ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყანა და გარკვეულწილად იმპორტზეა დამოკიდებული, ცდილობს, სატრანზიტო ფუნქცია ეფექტიანად გამოიყენოს.
გარდა ამისა, ლევან დავითაშვილის განმარტებით, გაზის ტარიფთან დაკავშირებით „საქართველოს უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანას“.
„საქართველოს მოსახლეობა ენერგომატარებლებს უფრო იაფად იღებს, ეს ეხება როგორც ელექტროენერგიას, ისე გაზს. გვესმის, რომ ეს მარტივი მოცემულობა არ არის. საქართველოს გარკვეულწილად სხვადასხვა რესურსის გადანაწილება უწევს ამ კუთხით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
(lpn)
