საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასიხარულოა ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და პოლიტიკას იზიარეს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ „გორბის“ კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა დადებითად აფასებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას“.
„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი მოსახლეობის დაცვას. ამიტომ მახარებს ფაქტი, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გაზიარებულია სრულად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერაზე და არის თუ არა ეს სწორი, გამოკითხულთა უმრავლესობას, 60,5% ამბობს რომ კი, მთავრობა სწორად მოიქცა. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64,5% ფიქრობს, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა, 73,3% ემხრობა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში“.
კვლევა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.
(lpn)
