სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში.
„ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად. სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ, დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(ipn)
