პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ იარაღის ტარების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის ლიბერალიზების ინიციატივით გამოდის. მათ უკვე მოამზადეს და პარლამენტს წარუდგინეს “იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ერთი მხრივ, იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს, ამის გარდა, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იარაღის ტარების უფლებას გაუგრძელდებათ.
“გირჩის“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, იარაღის ტარების უფლება ცესკოსა და უსკოს წევრებს მიეცემათ, ხოლო პროექტის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ პირებს, ვისაც წარსულში იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ, ეს უფლება აღუდგებათ ან გაუგრძელდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ.
“უკრაინამ ჯერ ფაქტობრივად ზედ ომის წინ სცადა იარაღის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, მაგრამ საბოლოოდ ყველანაირი კანონის დარღვევა მოუწია, რადგან პრეზიდენტ ზელენსკის რეალობამ აჩვენა, რომ არ შეიძლებოდა საკუთარი მოსახლეობის უიარაღოდ დატოვება ოკუპანტის წინაშე. ჩვენც შეიძლება ისე აღმოვჩნდეთ ანალოგიურ სიტუაციაში, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწროთ, ამიტომ აუცილებელია, სანამ ამის დრო გვაქვს მოვემზადოთ და თადარიგი დავიჭიროთ. ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი მშობლები იარაღთან ურთიერთობას ბავშვებს დაბადებისთანავე უნდა ასწავლიდნენ.
იარაღის სროლის სასწავლად გამოყოფილი შესაბამისი ადგილები ისევე უნდა იყოს ქვეყანაში, როგორც საფეხბურთო მოედნები. მტერმა უნდა იცოდეს, რომ ისეთ ქვეყანაში შემოდის დასაპყრობად, სადაც ადამიანებმა სროლა იციან. ეს მთელი პროცესია, რომელიც ერთ დღეში არ დასრულდება, მაგრამ მისკენ ნაბიჯები უკვე უნდა გადავდგათ, რადგან არავინ იცის, თუ როდის დაგვჭირდება საკუთარი თავის ან ქვეყნის იარაღით დაცვა“, - განმარტავენ “გირჩში“.
(lpn)
