დღეს ლარი უფასურდება შიშის, მოლოდინის, აჟიოტაჟის გამო - როცა ფუნდამენტური ფაქტორების გამო არ უფასურდება ლარი, მისი შეჩერების ერთადერთი მექანიზმი არის ეროვნული ბანკის მიერ ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და ინტერვენციების განხორციელება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და არასაჭირო ხარჯების გადახედვაც.
"ლარის გაუფასურების ტენდენცია რომ იქნებოდა, ეს ელემენტარულია, რადგან სერიოზული დანაკარგი იქნება როგორც რუსეთიდან გადმორიცხვების, ასევე, უკრაინიდან, მაგრამ ახლა რაც მოხდა - ფაქტობრივად, 50- თეთრიანი გაუფასურება პირდაპირ არის საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ბრალი. როგორც კი უკრაინაში დაიწყო ომი, იმავე დღეს უნდა განეხორციელებინა ინტერვენციები, რადგან დღეს ლარი უფასურდება შიშის გამო, მოლოდინების გამო, აჟიოტაჟის გამო, როცა ფუნდამენტური ფაქტორების გამო არ უფასურდება ლარი, მისი შეჩერების ერთადერთი მექანიზმი არის ეროვნული ბანკის მიერ ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და პირველივე წუთს ინტერვენციების განხორციელება. 4.2 მილიარდი დოლარი არის დღეს ეროვნული ბანკის რეზერვებში, მილიარდზე მეტი სავალუტო ფონდმა მოგვცა შარშან და ის საგარეო კრედიტები და დახმარებები, რაც ბიუჯეტში მიდიოდა შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვებში ილექებოდა და იქიდან ლარებით მერე ბიუჯეტი ფინანსდებოდა, რისთვის სჭირდება ეს ფული? ამბობენ, რეზერვები შავი დღისთვის არის საჭირო, ამაზე შავი დღე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვინმეს უნახავს, იქიდან გამომდინარე რაც მსოფლიოში ხდება? ეროვნული ბანკი თავის უმოქმედობით აღატაკებს ხალხს და აზიანებს ბიზნესს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არსებობს ორი გზა - ამ უმძიმეს ვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის ცვლილება უნდა მოხდეს ბიუჯეტში, უნდა იქნას გადახედილი ყველა უსარგებლო ხარჯი - ფუფუნების მანქანები და ამათი სეირნობები. მეორე მხრივ, უნდა გაამკაცროს ეროვნულმა ბანკმა ფულად საკრედიტო პოლიტიკა და ზომიერი ინტერვენციებით მართოს პროცესი, ეს არის გადაუდებელი, პირველი რიგის ღონისძიებები,"- განაცხადა გოცირიძემ.
(lpn)
