„ქართული ოცნება" არის ბრმა, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პარტიულ საკითხებს ეხება, ცნობილი გამოთქმა იცით, ალბათ - "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მიბრძანებს ამას" -ასეთი ხალხი არიან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ეუთო/ოდირის დასკვნის კომენტირებისას გამაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.
მისი თქმით, გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები კანონმდებლობის ევროპული გამოცდილების შესაბამისობაზე ფარსი იყო და რეალურად გადაწყვეტილება პარტიული ინტერესის გატარებას ემსახურებოდა.
"ქართული ოცნება" ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჯერ ჩვენი შეგონებები არ ისმინა, შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის განცხადებები, ახლა კი გამოჩნდა, რომ ის ვითომ ევროპული კანონმდებლობა, რითაც თავს იწონებდნენ, იყო ფარსი და სინამდვილეში განხორციელდა უწყების ლიკვიდაცია. ჩვენი პარტნიორები, ვისაც აქვთ უმაღლესი ექსპერტული გამოცდილება ამ მიმართულებით, ამბობენ, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, რადგან არ იყო ეს კანონთან, სამართალთან, დემოკრატიასთან შესაბამისი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროება მოითხოვა. როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა.
