ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სურს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბროს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შესახებ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლამდე განუცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალების მონაწილეობით შეხვედრას მართავს.
რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრას, ჩარკვიანი განმარტავს, რომ ამ შეხვედრიდან ნაკლები მოლოდინი აქვს, ვიდრე ეს იყო სულ პირველ შეხვედრაზე.
„ინდივიდუალური შეხვედრები იყო, იმიტომ, რომ სურვილები, რომელიც მას ჰქონდა, მგონია, მოქმედებაში ვერცერთი მოიყვანა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ყველა შანსს ვიყენებ, იმიტომ, რომ პირადად მე, ზუსტად ვიცი, დღეს რასთან დაკავშირებით მინდა ვესაუბრო მას. მინდა ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მესმის, რომ მან ვერ მიიღო პოლიტიკური აქტის გადაწყვეტილება, ეს იყო შეწყალება თუ ამნისტია. ჩვენ საუბარი გვქონდა, მაგრამ იქნებ, როგორღაც მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ მესამე პრეზიდენტი სარეაბილიტაციოდ გაუშვან, იმისთვის, რომ სირცხვილი არ დაგვემართოს ქვეყანას. სურვილი მაქვს, ამაზე ორიოდე სიტყვა ვუთხრა“, - აცხადებს ჩარკვიანი.
(lpn)
