ამასთანავე, საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ ახალი პლატფორმის გამოყენებით, ოლქის ელექტრონულ მისამართებზე ან მატერიალური სახით საოლქო საარჩევნო კომისიებში.
„ცესკომ შექმნა სპეციალური, კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა, რომელიც როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებს, ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ისარგებლონ ამ სერვისით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს, როგორც დაინტერესებული პირებისთვის, ისე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. ცესკო ახალი ელექტრონული სერვისებით აგრძელებს განვითარებას საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დახვეწას. ახალი პლატფორმა იხილეთ ცესკოს ვებ-გვერდზე: cesko.ge.
პროგრამაზე მუშაობდა ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად და მათ მოკლე ვადებში შეძლეს ამ სერვისის უზრუნველყოფა.
პლატფორმა მოცემული დროისთვის მუშაობს საპილოტე რეჟიმში, ეს სერვისი საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, დეტალურად და ოპერატიულად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები კონკურსანტებთან მიმართებით, აღნიშნული კი ცესკოს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო მეტ დახვეწაში და საზოგადოების დროულ ინფორმირებაში დაეხმარება. აქვე გაცნობებთ, რომ პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა. კონკურსი რუსთავის, გარდაბნის და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე გამოაცხადეს. შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის, 117 რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 ბათუმში. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ახალი პლატფორმის გამოყენებით, ოლქის ელექტრონულ მისამართებზე ან მატერიალური სახით საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამასთან, საოლქო კომისიებში და ცესკოს ვებ-გვერდზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია განაცხადების სარეკომენდაციო ფორმა. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ კონკურსში, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების შერჩევას და პროცესის ეფექტიანობას.
ცესკო მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს, ხელი შეუწყონ შესარჩევ კონკურსში კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას, მათ ხელთ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, უფლებამოსილ მხარეებს მისცენ შესაძლებლობა გაეცნონ როგორც საკონკურსო დოკუმენტაციას, ისე თვალი ადევნონ აღნიშნულ პროცესს. ცესკო დამატებითი რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევო კომისიებს, კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არის პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა,“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
