კვირაზე მეტია, ლუგარის ლაბორატორიაში „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევებს სწავლობენ, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში, საყურადღებო მხოლოდ 2 ბიოლოგიური მასალა იყო.
„ჩვენს რეგიონში, ეს შტამი რუსეთსა და უკრაინაშია დაფიქსირებული. ჩვენთან კვლევები მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო. იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასეთი საეჭვო 10-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა გვქონდა. მათგან უმრავლეს შემთხვევაში, სეკვენირებით, არ დადასტურდა და „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, ორ შემთხვევაში, კვლავ გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ქრონიკას“ განუცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 909 160 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 858 949, გარდაიცვალა 13 071 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
İmedi.ge
