სააკაშვილი სუსტად არის, წონაშია დაკლებული. ფიქრობს 23 დეკემბერს სასამართლოზე მისვლას, მაგრამ ისე სუსტად არის, ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში ჯობია, ამისგან თავი შეიკავოს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის.
„საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ, არ ვაპირებ საჯაროდ ამის განხილვას. ჩვენთვის ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობა. ის არის სუსტად, წონაშია დაკლებული, მნიშვნელოვნად დაეტყობა ეს ყველაფერი. არ შიმშილობს, მაგრამ ვერ ჭამს. დაახლოებით, 3/4-ზე მეტს, პრაქტიკულად, ვერ ითვისებს და ეს, რა თქმა უნდა, არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი. ის ისე სუსტად არის, რომ ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში ჯობია, ამისგან თავი შეიკავოს, რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს და გასაგებია, რა მიზანიც აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე დიდი მიზანი არ არსებობს", - განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გზავნილია, 21 დეკემბერს ბევრი ადამიანი მივიდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე, რადგან, როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი საზოგადოების შერიგების საკითხს ხელს შეუწყობს.
„დაიდება მისი განცხადება, მაგრამ სანამ დაიდება გეტყვით, რომ იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ამ კამპანიას, თუმცა, ელოდება ამ ყველაფერს როგორი გაგრძელება ექნება, რადგან როგორც ჩვენ კლასიკოსი ამბობდა „თვინიერს საქმეთა მკვდარ არს.“ ასევე იგი მიესალმება, რომ პირველად ხელისუფლების მხრიდან, აღიარებულ იქნა ყველა მიმართულებით, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისი, მაგრამ რეკონსილაციის პარალელურად იგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ძალიან ხალხმრავალი, მშვიდობიანი პროტესტი. ამიტომ ის თვლის, რომ 21-ში ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და მშვიდობიანად დააფიქსიროს საკუთარი მოთხოვნები, სავსებით თავსებადად რეკონსილაციის პროცესთან და პირიქით, თვლის, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს რეკონსილაციის პროცესს და სწორ გადაწყვეტილებებს საზოგადოების შერიგების თვალსაზრისით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
(ipn)
