“ნაციონალურ მოძრაობაში” კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსად, რომ აქვს მომავალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და რამდენიმე ადამიანი , - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს მასზეც იყო გარკვეული ზეწოლა, ამ ფონზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობა რამდენად სწორად მიაჩნია.
ხაზარაძის თქმით, ყველა პარტიაში არის კარგი და ცუდი, ქვეყნის მომავალი კი კოალიციაშია.
მამუკა ხაზარაძემ წინა ხელისუფლების პერიდოში მის მიმართ წარმოებულ საქმეებზე ისაუბრა.
“ახლა მოდაშია, ვინც დღეს ამ ხელისუფლებაშია, წინა ხელისუფლების ყველაფერი შავი ფერებით დაინახოს, მაგრამ მეც გავიარე პიროვნულად, ორი, საკმაოდ სერიოზული საქმე წინა ხელისუფლების დროს. ერთი იყო, როდესაც ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე როგორც კი, ახალი ხელისუფლება მოვიდა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ბორჯომის კომპანიის და კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ. იქაც ბრალდება აბსურდული იყო, თუ რატომ არ ვამუშავებდით ქარხანას 365 დღის განმავლობაში. ეს საქმე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, გვიბარებდნენ და გვკითხავდნენ. მეორე ბრალდება იყო, როცა ჩემი ოჯახისთვის შევიძინე პატიოსნად, ციხისძირში ნაკვეთი, რომელიც აღმოჩნდა იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ინტერესის სფეროში და დაიწყეს დევნა.ეს ხდებოდა აჭარაში, მე უბრალოდ, ვერ ვიტყვი კონკრეტულად ერთი იყო თუ ჯგუფი იყო, მაგრამ ეს საქმე ისეთ დონეზე იყო შეკერილი, რომ მე უნდა მეღიარებინა, თურმე რაღაც შეცდომა დავუშვი და არ ვარ კეთილსინდისიერი მყიდველი.
მიბარებდნენ პროკურატურაში,თბილისში. ეს ხდებოდა 2005 წლიდან 2012 წლის არჩევნებამდე და ეს საქმე მოვიგე, რაც არ უნდა საკვირველი იყოს. ვიარე ქობულეთის სასამართლოში,მოვიგე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები და “საოცრება მოხდა”, როცა ეს საქმე მოვიგე, მიწა გადაფორმებული იყო სხვაზე”, - განაცხადა ხაზარაძემ.
მან ისაუბრა ამ საქმესთან მიმართებით იმ პერიდში განხორციელებულ დაკითხვაზე.
“დაკითხვა იყო არანორმალურ პირობებში და როცა აქ ამოწურეს, მერე წამიყვანეს ბათუმში და ბათუმში დამკითხეს, როგორც კინოებში მაქვს ნანახი - შუშის წინ, როგორც რეციდივისტებს ჰკითხავენ ისეთ ფორმაში”, - განაცხადა ხაზარაძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, ამ ფონზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” კომუნიკაციასთან დაკავშირებით.
“მინდა გითხრათ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსად, რომ აქვს მომავალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და რამდენიმე ადამიანი. ვერ მნახავთ იმ ადამიანებთან, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე რაიმე ძალადობა ან უსამართლობა ჩაუტარებია. ამიტომ, ამ ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ და მომავალი არის კოალიცია, ყველა პარტიაში არის კარგი და ცუდი. უნდა შევკრიბოთ დადებითი ძალები და ვიაროთ წინ, - განაცხადა ხაზარაძემ.
İpn.ge
