სუს-ი მთლიანადაა დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით, მათზე საქმეების აღძვრითა და დაკითხვებზე დაბარებით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სუს-ში დაბარებას.
როგორც დამენია აღნიშნავს, „სუს-ი პოლიტიკურ იარაღად გადაიქცა“.
„ქართული ოცნების“ პირობებში, სუს-ი ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით, ამ პრობლემების გადაჭრით იყოს დაკავებული, ბიძინა ივანიშვილის ხელში მთლიანადაა პოლიტიკურ იარაღად ქცეული. საარჩევნო სპეცოპერაციებს ატარებს და მთლიანადაა დაკავებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით, მათზე საქმეების აღძვრითა და დაკითხვებზე დაბარებით“, - განაცხადა დამენიამ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სუს-ში სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ნიკა მელიას განცხადებით, ის გამოკითხვაზე არც სუს-ში და არც სასამართლოში არ მივა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მისი სუს-ის შენობაში მისვლა ზნეობრივი კომპრომისი იქნება.
(ipn)
