იტალიელმა სამართალდამცველებმა ტელეგრამ-არხ Basta Dittatura-ს 17 წევრის სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ ცნობას იტალიური მედიარესურსი - Corriere della Sera ავრცელებს. ჩატში, რომელშიც 40 ათასზე მეტი მომხმარებელი იყო გაწევრიანებული, ვრცელდებოდა მუქარები ექიმების, მეცნიერების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების მიმართ, მათ შორის, პრემიერმინისტრის - მარიო დრაგისა და შს მინისტრის - ლუიჯი დი მაიოს მიმართაც.
აქტივისტი ანტივაქსერები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, გზების, რკინიგზის სადგურების და ბანკების ბლოკირებისკენ და, ასევე, პოლიციელებზე თავდასხმისკენ. ქვეყნდებოდა მედიცინის მუშაკების პირადი მონაცემებიც და მათ მიმართ ძალადობრივი ქმედების მოწოდებაც ისმოდა.
ჩხრეკა იტალიის 16 ქალაქში ჩატარდა, სამართალდამცველებმა ამოიღეს სხვადასხვა სახის მჟავები, ნაცისტური სიმბოლიკა, ცივი იარაღი, არბალეტი და კომპიუტერული ტექნიკა. როგორც ირკვევა, ხსენებული ტელეგრამ-არხის შემქმნელების ნაწილი წარსულში ქურდობაში, ძარცვაში, თაღლითობასა და სხვა დანაშაულებში იყო ბრალდებული.
ცოტა ხნის წინ, პლატფორმა Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არხ BastaDittatura-ს ბლოკირება მოახდინა. ამ არხით „ვაქცინაციასთან დაკავშირებული ექიმებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი ზიანის მიყენების წაქეზება ხდებოდა“.
.png)
