ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილის უფლებები უზრუნველყოფილი იყოს, სასამართლოს გადაწყვეტილება სათანადოდ აღსრულდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისე უნდა წარიმართოს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ობიექტი არ გახდეს.
"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება ისე უნდა აღსრულდეს, რომ კითხვის ნიშნები არ გააჩინოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ასევე, პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, აუცილებელია ისე წარიმართოს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ გავხდეთ კრიტიკის ობიექტები. თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს პროცესები ასე არ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია მოსახლეობას ესმოდეს, რომ მწვავე კრიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, ორმაგად სამწუხაროა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან ისეთ საკითხებში, როგორებიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია მათ დამოკიდებულებას გავუფრთხილდეთ”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, პრობლემაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ნდობა აღარ აქვთ.
“პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ისეა დასუსტებული, რომ ის უწყებები, რომლებიც რეალურად უნდა აფასებდნენ არსებულ ვითარებას, ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდნენ, საზოგადოებაში უნდობლობას იწვევს. ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილის მდგომარეობას. ეს არის პრობლემა სახელმწიფოსთვის”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
კითხვაზე, რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად, ბუჩუკური ამბობს, რომ ამის შესახებ ხელისუფლებისგან დამაჯერებელი პოზიცია არ მოუსმენია.
“თუ არგუმენტი არის სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება, ხელისუფლება რას გვეუბნება, რომ ერთი ადამიანის ან შენობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომლის ქვეყანაშიც ტერიტორიის 20% ოკუპირებულია? რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს პასუხი მიუღებელია”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას, ბუჩუკურის თქმით, “აქცია და მიტინგი პოლიტიკური იარაღია, ეს უნდა ჩაჯდეს კანონის ფარგლებში და როდესაც არ ჯდება, ეს ხელს აძლევს “ქართულ ოცნებას”.
“ჩვენი პოლიტიკურ სტრატეგია არის, რომ გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა. ოპოზიცის ის ნაწილი, რომელიც აქციას ირჩევს, როგორც პოლიტიკურ სტრატეგიას, ეს მათი გადასაწყვეტია”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
(ინტერპრესნიუსი)
