„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი მუდმივად გაგრძელდება.
როგორც მან ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, აქციის მონაწილეები პოლიციასთან არანაირ ინტერაქციას არ აპირებენ და აქციას მშვიდობიანად გამართავენ.
დეკანოიძე აფრთხილებს პოლიციას, რომ „გონივრულად მოიქცნენ, რადგან სულ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნებიან სათავეში, გაუფრთხილდნენ საქართველოს მოქალაქეებს“.
„რა თქმა უნდა, ასეთი პროტესტი მუდმივად იქნება, ეს არ არის ის პროტესტი, რომელიც რეალურად ჩვენ დაგვღლის. გუშინ საშუალება მქონდა მიხეილ სააკაშვილი მენახა. გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო კლინიკის იმ ფლიგელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი განათავსეს, საერთოდ არავითარი სამედიცინო აპარატურა არ არის. მისი თქმით, გაცილებით უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა ის, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიდრე გლდანში. შესაბამისად, აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, აპირებს შეწყვიტოს შიმშილობა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ასევე ელენე ხოშტარიას სიცოცხლე“, - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ პროტესტი სულ გაგრძელდება.
(ipn)
