„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, რასაც პოლიტიკური მოტივი აქვს.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან რუსთავის ციხესთან აქციის დაწყებამდე განაცხადა, ის უერთდება მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ.
„მიუხედავად იმისა, ვინმეს მიხეილ სააკაშვილი მოსწონს, არ მოსწონს, როგორ აფასებს მის წარსულს, შინაარსი არ აქვს. სინამდვილეში რაც ხდება არის ის, რომ მისი უფლებები ირღვევა, როგორც პაციენტის. ამას აკეთებენ პოლიტიკური მოტივაციით, ფაქტობრივად, ადამიანს კლავენ. ამის გამო ვარ მოსული“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ჭიანურდება მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა, ჯაფარიძე განმარტავს, რომ აღნიშნულს პოლიტიკური მიზეზი აქვს.
„არ ვიცი რამდენად ჰქვია გაჭიანურება, ჯერ არ გადაჰყავთ. თუ გადაიყვანენ, შეიძლება შემდეგ ვთქვათ, რომ აჭიანურებდნენ. ამის მიზეზი პოლიტიკურია, ფოკუსი იყოს თავიდან ბოლომდე აღნიშნულზე, მათ შორის, მედიის ყურადღება. არავინ ისაუბროს, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება. ამისთვის წირავენ ადამიანს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
ამასთან, ის განმარტავს, რომ უერთდება ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებზე.
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ვუერთდები. ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად სხვა პროტესტიც აუცილებელია. ამით ვარ დაკავებული“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
(ipn)
