ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა პროცესს მართავს. ამასთანავე, აქტიური შემთხვევების მზარდი რაოდენობა განსაკუთრებულ ყურადღებას და მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირების რაოდენობა განსაკუთრებით მზარდია იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია, შესაბამისად, აცრების ტემპის გააქტიურებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები - ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
როგორც ცნობილია, აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში. ამ მიზნით, მობილური ბრიგადები ჩადიან სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ.
