ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი - ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოსახლეობა პირბადის გამოყენებას დაუბრუნდეს და დაიცვას სოციალური დისტანცია.
„ჩვენ ამას განსაკუთრებით შევისწავლით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი. ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ბუნებრივია მას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით. გარკვეული მერყეობაა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას და რაც მთავარია ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
(report)
