„ამ კვირაში იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსესუსამდე 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით, ასევე ე.წ. მესამე ანუ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ესეც ამ კვირის განმავლობაში იქნება“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან მოსახლეობას ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნის შედეგად გაზრდილმა მობილობამ საფრთხეც გაზარდა. მისი განმარტებით, ე.წ. დელტა შტამისთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა საკმარისი არ არის და სასურველია, 80% იყოს.
"საფრთხე არის იმიტომ, რომ მობილობა სერიოზულად გაიზარდა, დაიწყო სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამიტომ არის მუდმივად მოწოდება, რომ უნდა გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები და საერთოდ, უსაფრთხო დაწესებულებები.
მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ 80%-ზე ავიდეთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი 28%-ია, თუმცა, ზოგიერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა 50%-ზე მეტია აცრილი. ამიტომ, უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, სადაც 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილების მაჩვენებელი, ხოლო 70% - ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში ვართ ექთნებში, 40%-ზე ნაკლებია უმცროს სამედიცინო პერსონალში, შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალში“,- განაცხადა გამყრელიძემ.
(report)
