ჩვენ გარშემო ყველას გვყავს კოვიდ დაზარალებული, სიცოცხლეშეწირული ადამიანები. როგორ შეიძლება ჩემი დაბადების დღის გამო, იმის გამო, რომ ღვინო დიდი სასმისით შევსვა და ის საღამო ჟრიამულით ჩავატარო - ამან შეიძლება ხვალ-ზეგ ძალიან მძიმე შედეგები დააყენოს რომელიმე ოჯახში, იმდენად მძიმე, რომლის ანაზღაურება შესაძლოა ვეღარ მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მოსახლეობა არსებულ წესებს არ დაიცავს, შესაძლოა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდეს. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისაკენ.
„არ არის რთული პირბადის მოხმარება, არ არის რთული, რომ არ ეტაპზე უარი ვთქვათ მასშტაბურ, სოციალურ ღონისძიებებზე. ქორწილი კარგია, ღმერთმა ამრავლოს ჩვენს ქვეყანაში ქორწილები, მაგრამ ცოტა ხანს გადავდოთ ეს სოციალური ღონისძიება, ჩვენი დაბადების დღის გარშემო მოპატიჟებები, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს, ასეთი რეალური, დამძიმებული შედეგები ჩვენ ვიხილეთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(inerpressnews.ge)
