„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციის საერთო კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო დასახელებაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრი წინასწარ წაგებულ თამაშს ითამაშებს.
„ამ თამაშს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვთამაშობთ ბოლო 9 წლის განმავლობაში და ჩემი აზრით, ეს თამაში ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს. მთავარი არის 43%. პირველ ტურში, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ს, მაშინ ოპოზიციას მეორე ტურებში, მაჟორიტარულ ნაწილში, შანსი უჩნდება, რადგან სხვა ემოციით მივა ხალხი.
„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ვერ მიიღო ის, რაც მისთვის პროგრამა მინიმუმი იყო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავაყენებთ ერთიან კანდიდატად, შეიძლება ეს არჩევნები სასტიკად წავაგოთ. მინდა ოპოზიციამ წინასწარ წაგებული თამაში არ ითამაშოს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
(ptn.ge)
