დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში - პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველას სურვილია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს.
"ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, "ტვ პირველს", ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როგორი ნაცემი იყო და მერე ოპერაციაც გაუკეთეს, მძიმედ იყო, საშინელი ტკივილები ჰქონდა. დილით დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში, თუმცა ყველას გვინდა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს.
დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან, თავად ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, თრომბოემბოლია შეიძლება განვითარებულიყო იმიტომ, რომ ძვალი სულ დამტვრეული ჰქონდა, სულ ნაოპერაციები იყო. ალბათ, ამ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, დოკუმენტაციაში რა ეწერა არ ვიცი, მაგრამ მძიმედ იყო და ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ამ ქვეყანაში ვის სჯიან და ვის არა, არ ვიცი. უბრალოდ, დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში. ჟურნალისტების ჟლეტვა თითოეული მედიის, ეს ყველამ ვნახეთ. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება",- განაცხადა წერეთელმა.
(ipn)
