„ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ“ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამი ექიმი - თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
„2021 წლის 25 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას“ ორგანიზებით ჩატარდა მედიკოსთა დაჯილდოების ცერემონია.
დაჯილდოებულთა შორის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამი ექიმია.
უმაღლესი ჯილდო „საუკუნის ექიმის“ ტიტული მიენიჭა ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს, ხოლო ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიშანდობლივია, რომ სამივე დაჯილდოებული ექიმი, ისევე როგორც მთლიანად ცენტრი COVID პანდემიის პირველივე დღიდან დგანან ფრონტის წინა ხაზზე.
პრესსამსახურის განცხადებით, ცენტრს აქვს COVID ავადმყოფთა გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (99,1%) ჩვენს ქვეყანაში და არამარტო. კონკრეტულად ცენტრში ჰოსპიტალიზებული 1,902 COVID ავადმყოფიდან 1,885-ის გადარჩენა მოხერხდა. ცენტრს აქვს აივ/შიდსით და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით (ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და სხვ.) სიკვდილიანობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
სამივე დაჯილდოებული ექიმი გამორჩეულია თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებით და პაციენტთან დამოკიდებულებით და უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოში ინფექციურ სნეულებათა დარგის განვითარებაში.
