იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა.
„დღეს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, – განაცხადა პრემიერმა.
(1tv)
