2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა. 12% და 9% შეადგინა განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, თანასწორუფლებიანობის მხრივ ყველაზე მეტი დაბრკოლება კვლავ ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებათ.
დოკუმენტის თანახმად, პრობლემად რჩება დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაცია ჟურნალისტების მიმართ და სექსუალური შევიწროების პრობლემა, რომელიც, ძირითადად, დასაქმების ადგილას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ვლინდებოდა.
„ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და პრევენცია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
(imedi)
