InterPress.ge იუწყება, რომ ისრაელის საელჩო Mashav-თან ერთად(ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ვიზიტის ფარგლებში გახსნის არასამთავრობო ორგანიზაციას „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“.
„შალომ კლუბის“ (Shalom Club) ქსელი არის MASHAV-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანება, რომლის მიზანია ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება-დანერგვა და ცოდნის გაზიარება. საქართველოდან უკვე 1 500-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა ტრენინგი ისრაელში სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, ქალთა უფლებების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროებში. კურსების გავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომ, მონაწილეები საქართველოში ბრუნდებიან და შესაბამის სექტორებში განაგრძობენ მოღვაწეობას.
უკვე 20 წელიწადზე მეტია რაც Mashav-ი ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული. კერძოდ, 2000 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა წარმატებულად განხორციელებული პროექტით Mashav-ი მხარს უჭერს ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ელჩი, რან გიდორი და Mashav-ის პროგრამის დირექტორი საქართველოში, გიორგი ჟღენტი შეხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მაჟორიტარ დეპუტატებს.
შეხვედრებზე იმსჯელებენ რეგიონში არსებულ სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსა და საინვესტიციო პოტენციალზე ქვემო ქართლის რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მოინახულებს ადგილოვრივ კულტურულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს.



