ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება, -ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კითხვას, როგორი იქნება კორონავირუსის მეოთხე ტალღა და ხომ არ იყენებენ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური მოტივით.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მის განცხადებებსა და ქმედებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის, კორონავიურისის მეოთხე ტალღა კი ევროპაში ზაფხულის ბოლოდან არის მოსალოდნელი.
„ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მე რამდენჯერმე განვაცხადე და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩემს მოღვაწეობაში და განცხადებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მე პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობას ვაყენებ, შემდეგ დანარჩენს. რაც შეეხება მეოთხე ტალღის ალბათობას, ვერავინ ვერ გამორიცხავს ამას. იმ ინსტიტუტის პროგნოზირებით, რომელსაც ვეყრდნობით, აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ევროპაში, მათ შორის საქართველოში აგვისტოს ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში იყოს მეთხე ტალღა“,-აღნიშნავს გამყრელიძე.
მისი თქმით, მეოთხე ტალღის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება ზაფხულში.
(ipn)
