"სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩის" წევრები და უფრაქციო დეპუტატები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების მიმართულებით არსებულ ვითარებას გააცნობენ, ასევე დააყენებენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც.
"საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა იგვიანებს და ეს უკვე ფაქტია. ველოდებით "ქართულ ოცნებას", რადგან მარტო ჩვენი ხელმოწერები არ იქნება საკმარისი, სწრაფად უნდა დავიწყოთ. ასევე ვისაუბრებთ ორ მთავარ პრობლემაზე, ეს არის კორუფცია და სასამართლო სისტემა, რომელიც ანგრევს ქვეყანის ეკონომიკას, აღარიბებს ხალხს. სწორედ მათი მხრიდან რეფორმებზე წნეხი არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ რეფორმები განხორციელდეს. მესამე საკითხს დავაყენებ პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე ვისაუბრებთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც იცით, დაკავებული არიან ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა. მინდა, მათ დახმარება ვთხოვო იმისთვის, რომ ეს ადამიანები როგორმე გამოვიხსნათ. ასევე ვისაუბრებ იმაზე, რაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ხდება და ყველა შოკში ვართ, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ვისაუბრებთ ეს არის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს მოქალაქეებს,"- განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
დღის განმავლობაში შეხვედრები იგეგმება ასევე სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.
ცნობისათვის, გუშინ დელეგაციის წევრები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. დელეგაცია საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.
ipn.ge
