“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებმა ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს, მათ შორის, ამნისტიის კანონი, საარჩევნო კამპანია და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში.
მან აღნიშნა, რომ პარტნიორები საქართველოს წინადადებას ევროკავშირის წევრობაზე საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ.
"უმრავლესობის ტრადიციული შეხვედრა იყო. იყო სესიაზე განსახილველი საკითხები, მათ შორის, ყველაზე აქტუალური მოგეხსენებათ ეს არის საარჩევნო რეფორმა და ამნისტიის კანონი და ამის გარდა, კიდევ ორი ძირითადი საკითხი თუ არ ჩავთვლი უამრავ მიმდინარე საკითხს, ეს ორი ძირითადი საკითხი იყო - საარჩევნო კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია და მეორე თემა იყო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში და ძალიან კარგი სიახლეებია ამასთან დაკავშირებით. ერთი სიახლეა ის, რაზეც ერთი წლის წინ შეიძლება ეღიმებოდა ბევრს, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ 2024 წელს ჩვენ ვაპირებთ განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირში წევრობაზე - დღეს უკვე ამ წინადადებას საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ ჩვენი პარტნიორები, უკვე აღარავის ეღიმება და უკვე კონკრეტულ გეგმებზე არის ლაპარაკი. გადაწყვეტილებებზე არც თბილისის, არც დმანისის, არც ჩხოროწყუს და არც ერთ მერზე არ ვლაპარაკობთ ჯერ, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. არაფერი საჩქარო არ გვაქვს, გაიგებთ, როცა საჭირო იქნება", - განაცხადა სუბარმა.
(ipn)
