თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 მაისს, 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება და სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მათივე ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება.
რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე.
რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.
შეგახსენებთ, რომ 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს. არსებობის არასრული სამი წლის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, ხოლო მისი ხელისუფლების მიერ რუსული ოკუპაციის არაღიარება გახდა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი.
İpn.ge
