„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ლინა ღვინიანიძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს, სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა.
მისი თქმით, პოლიციის ჩარევამ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, განსაკუთრებული მწვავე ხასიათი 3 აპრილიდან მიიღო, რასაც რიონის ხეობის ბლოკირება და „რიონის ხეობის მცველების“ და მხარდამჭერების გამოდევნა მოჰყვა.
„ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რიონის ხეობა ფაქტობრივად ჩაკეტილია. თბილისში, 23 მაისს რიონის ხეობის მოძრაობის აქციები იწყება. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია და ის გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამინისტრომ შეასრულოს მისი როლი და პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო სამართალდამცავების მოქმედება 11 აპრილს, როდესაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა და ადგილზე დარჩენილ აქციის მონაწილეებს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. სამართალდამცავებმა კარვების დაშლის საფუძვლად მდინარე რიონის ადიდების საფრთხე მიუთითეს, რისი რისკებიც რელევანტური მეტეოროლოგიური საექსპერტო დასკვნით დღემდე არ არის დადასტურებული“,- განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.
(ipn)
