საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით დატბორვასთან დაკავშირებით „112“-ში 100-მდე შეტყობინება შევიდა.
კერესელიძე ამ წუთებში დიდ დიღომში იმყოფება, სადაც ძლიერმა წვიმამ ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
„ქალაქ თბილისის მასშტაბით 100-მდე შეტყობინება შემოვიდა დატბორვასთან დაკავშირებით. ადგილზე ოპერატიულად მოვიდნენ სამაშველო ჯგუფები, ოპერატიულად მივიდნენ მისამართზე, წყალი ამოტუმბულია. დაშავებული არავინაა“, – განუცხადა კერესელიძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო დატბორილია დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩა, ასევე დაზარალდა სოფელი დიღომი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს დატბორილი ქუჩა და მანქანები, რომელიც წყალს მიაქვს და ერთმანეთს ეჯახება. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოვარდნილმა წყალმა დატბორა შენობა, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამჟამად 20 ჯგუფი მუშაობს.
Report.ge
