ჩაითვალა, რომ ამ ახალ რეალობაში, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური დაძაბულობის პროცესებისგან დისტანცირებული პირი უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ დებატებში უფრო აქტიურად ჩაერთვება.
“პარლამენტის მომავალი სამუშაო რეჟიმი კიდევ უფრო მეტ კონსენსუსსა და პარლამენტის თავმჯდომარისგან კიდევ მეტ ნეიტრალობას მოითხოვს, მისი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე. ამავდროულად, არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის გამორჩეული ლიდერი, უფრო მეტად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკურ დებატებში. პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ დებატებში ჩართვა მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია, რეგლამენტით შემოფარგლულია“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, საფუძველს მოკლებულია იმაზე საუბარი, თითქოს არჩილ თალაკვაძის გადადგომა, შესაძლოა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით იყოს გამოწვეული. მისი განცხადებით, თალაკვაძე გუნდთან შეთანხმებით მოქმედებდა და ეს იყო არა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არამედ საერთო, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული გადაწყვეტილება.
(ipn)
